„სახელმწიფო პროექტებში ფასების ინდექსაცია აუცილებელია, ბევრი სირთულეები გვაქვს“ – “სმარტ სოლუშენი”

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასების ინდექსაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არსებობს პროექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინანდელ ფასებზეა მორგებული, რაც ბიზნესს აზარალებს. ამის შესახებ “სმარტ სოლუშენის” დირექტორმა ლევან გოგსაძემ BMG-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის ძირითადი დამკვეთი სახელმწიფოა, თუმცა ისინი კერძო სექტორთანაც თანამშრომლობენ. ლევან გოგსაძე აღნიშნავს, რომ ზოგჯერ კომპანია იძულებულია სახელმწიფო პროექტში შევიდეს, თუმცა მას თავს თანამდევი გამოწვევებიც ახლავს.
„სახელმწიფოსთან ურთიერთობისას სირთულეები არის, მერიასთან ეს საკითხი შედარებით უფრო მოწესრიგებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც დაიწყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა და იმედი მაქვს ბევრი რამ მოგვარდება.
ინდექსაცია უნდა იყოს, რადგან ბევრი სირთულეები გვაქვს. არის პროექტები, რომლებიც რამდენიმე თვე და ხანდახან ერთი წელიც მიმდინარეობს, ფასები ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება. ეს იქნება სამშენებლო მასალა, მუშახელი თუ სხვა.
სამწუხაროდ, ცხადდება პროექტები, რომლის ფასებიც რამდენიმე წლის წინანდელ ფასებზეა მორგებული. ამიტომ გვიწევს ზოგიერთ პროექტზე უარს ვამბობთ, ზოგის შემთხვევაში კი შესვლა გვიწევს და ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებით. მაგალითად, პროექტები, რომლითაც სახელმწიფოსთან ვურთიერთობთ, ძალიან დიდი ხნის წინ არის გაკეთებული, არასრულყოფილად გაკეთებული. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი დალაგდეს ნებაა საჭირო, რასაც მერიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში ვხედავთ და ეს ნება ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ჩანს. იმედით შევყურებთ მომავალს, რომ ჩვენს სექტორში ნაბიჯები გადაიდგმება და ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი“, – აცხადებს ლევან გოგსაძე.