„სახელმწიფო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ონკომედიკამენტებს ულიმიტოდ შემოიტანდა, რაც ვერ შეასრულა და სერიოზული დეფიციტი შეიქმნა“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბაზარზე ონკომედიკამენტების დეფიციტი 2 მიზეზითაა გამოწვეული და ორივეს უკან სახელმწიფო დგას. ექსპერტის პოზიციით, ერთი მხრივ, სახელმწიფომ გადაწყვიტა თავად ეყიდა და შემოეტანა პრეპარატები, რაც ვერ შეასრულა და მეორე მხრივ რეფერენტული ფასები დააწესა, რითაც კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების შემოტანის ინტერესი დაუკარგა.
„ცნება ავადმყოფობა არ არსებობს, არსებობს ცნება ავადმყოფი. ყველა ავადმყოფი არის ინდივიდი და მათ მკურნალობას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებს დაჰპირდა, რომ ონკოპრეპარატებს ულიმიტოდ შემოიტანდა და ვერ შემოიტანა. ხალხი დარჩა ჰაერში გამოკიდებული.
სახელმწიფომ კერძო კომპანიები ამ თემიდან ჩასწია. შესაბამისად, ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ უღირთ ამ მედიკამენტების შემოტანა, რადგან ფასები არის ლიმიტირებული და მოგება არის მიზერული. ზღაპრები მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს 3000%-იანი და 5000%-იანი ფასნამატი აქვს. ეს რეალური არ არის.
ასევე დიდი პრობლემაა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღება, რის გამოც ბაზრიდან მალე გაქრება ელემეტარულად გერმანული, ბაიერნში გამოშვებული ასპირინი. მათ რეფერენტული ფასების აზრი არ ესმით.
შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების დეფიციტის 2 მიზეზი სწორედ ესაა. რეფერენტული ფასები და სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების თავად შემოტანის მცდელობა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სადამსჯელო ღონისძიებების გატარების ნაცვლად, პრობლემას დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა სწავლობდეს.
„ჩვენი ბევრი ონკოპაციენტი, ვისაც ოდნავ საშუალება აქვს ყველა მიდის უცხოეთში სამკურნალოდ. იქ მათ უნიშნავენ მედიკამენტებს, რომლებიც აქ რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აქ რომ ჩამოდიან, აქაური ონკოლოგები აგრძელებენ იმ მედიკამენტებით მკურნალობას. ჩვენთან რომ არ არის რეგისტრირებული მედიკამენტი, არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გამოიყენებოდეს. ხშირ შემთხვევაში ესენი არის ძალიან თანამედროვე, ძალიან კარგი მედიკამენტები, რომლებსაც რეალურად კარგი ეფექტი აქვს.
ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პროკურატურაში კი არ უნდა ირბინოს. პრობლემები უნდა გაარკვიოს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თვითონ ვერ აბამენ მედიკამენტებით უზრუნველყოფას თავს.
მათი დაპირებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად უფასო და ულიმიტო, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. იმის გამო რომ ვერ შეძლეს მედიკამენტების ჩამოტანა, ხალხი დარჩა წამლის გარეშე. მათ ჯანდაცვის მინისტრიც არ შეხვდა. შეხვდა ვიღაც ჯანდაცვის სამინისტროდან, ვინც პაციენტებს უთხრა, რომ ანალოგები ეყიდათ. პაციენტების პასუხზე, რომ ამ ანალოგების ყიდვა შეუძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამას ფარმაცევტული კომპანიების პრობლემა უწოდა.
ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამიტომ, დიახაც, ონკოლოგები წერენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც აქ არის რეგისტრირებული, იმისთვის, რომ პაციენტები გადარჩნენ. პაციენტები მიმართავენ რომელიმე დიდ კომპანიას, ხდება საცალოდ რეგისტრაცია და ის შემდეგ სპეციალური ნებართვით ჩამოიტანს მედიკამენტს.
იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს სდიოს და დამსჯელი ორგანიზაცია იყოს, პრობლემას უნდა სწავლობდეს და მის მოგვარებაზე მუშაობდე“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და ვერ ახდენენ დანაპირების შესრულებას, რითაც პაციენტები ზარალდებიან. ექსპერტის განმარტებით, ასევე არარეალურია ონკოპაციენტებისთვის ულიმიტო დაფინანსების პირობაც და პაციენტებს პირად ანგარიშებზე ისევ 25 000-ლარიანი მაჩვენებელი აქვს.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ონკოპაციენტებს ექიმები ისეთ მედიკამენტებს უნიშნავდნენ, რომელიც არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ არ არის აღიარებული, ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რომ ნებისმიერი მედიკამენტი აუცილებლად არის რომელიმე ქვეყანაში რეგისტრირებული და ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს რა იგულისხმება ამაში.
„ეს არის ტყუილი. რას ნიშნავს, მედიკამენტი არ არის რეგისტრირებული. ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებთან ერთად უნდა შეისწავლოს. გამოიკვლიოს სპეციალისტებთან ერთად, რატომ მოხდა კონკრეტულად ამ მედიკამენტების დანიშვნა და რა ეფექტი აქვს მათ გამოყენებას. პროკურატურაში კი არ უნდა წაიღოს საქმე, არამედ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად გაერკვეს პრობლემაში“, – აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნა ხდებოდა, რომლებიც საქართველოში დაშვებული არ არის. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები ასევე არ არის აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ და აღნიშნა, რომ საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა.