“სახელმწიფო მზადაა ხელი შეუწყოს აქ წარმოებული თევზის ექსპორტზე გატანას” – მინისტრის მოადგილე

„სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ თევზის საერთაშორისო ბაზარზე გატანას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თევზმომშენებელ მეურნეობა Georgian Fish & Caviar-ში ვიზიტისას ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, რა დროსაც თევზის წარმოებაში არსებულ გამოწვევები და აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
„სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ თევზის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ლაბორატორიასთან, რათა შექმნან ჯანსაღი ქართული პროდუქტი. რეგიონულ დონეზე არსებული ძლიერი თევზმომშენებელი ფერმების არსებობა კი ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგიის მთავარი მიზანი ქვეყანაში აკვაკულტურის წლიური წარმოების მინიმუმ ხუთჯერ ზრდაა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყნიდან 2,4 მლნ დოლარის ღირებულების 926 ტონა ცოცხალი, გაყინული და გაცივებული თევზის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი თანხობრივად ჩამორჩება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ხოლო მოცულობით აჭარბებს. კერძოდ, გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 832 ტონა თევზი გავიდა. გამოდის, წელს ქართული თევზის საექსპორტო ფასი შემცირდა.