სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩს უნდა ესაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა „გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“.
„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს, ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
