დღეს დილით, კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მისი ვიზიტი ოფიციალურად წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა.
უკრაინაში ბლინკენის მოსალოდნელ ვიზიტზე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა გამოცემა Politico.
სააგენტოები Reuters-ი და AFP ენტონი ბლინკენის თანმხლები დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერენ, რომ კიევში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანია შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ რთული ვითარების ფონზე, როცა უკრაინის ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში ცდილობენ რუსეთის მასირებული შეტევის მოგერიებას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ბლინკენი უკრაინაში მეოთხედ ჩავიდა.
ამასთან, ეს სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, 2024 წლის აპრილში შეერთებული შტატების კონგრესმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 61-მილიარდიანი პაკეტი.
კიევში მყოფი ამერიკული დელეგაციის წევრის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი უკრაინის ხელისუფლებასთან ისაუბრებს იმაზე, რომ დამატებითი სამხედრო დახმარების მიზანია, ხელი შეუწყოს უკრაინელების თავდაცვის გაძლიერებას და ბრძოლის ველზე ინიციატივის მოპოვებას.