სახელმწიფო კომპანიების რეფორმას გამოწვევები აქვს – ვახტანგ ჭარაია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოში სახელმწიფო კომპანიების რეფორმა დაწყებულიყო.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი ვახტანგ ჭარაია კი, რეფორმის ერთგვარ გამოწვევაზე საუბრობს.
მისი თქმით, რეფორმის მიზანია, სახელმწიფო კომპანიები თვითკმარი და მომგებიანი გახდნენ, თუმცა ამას ყველა კომპანია ვერ შეძლებს.
“ყველა სახელმწიფო კომპანია, ვერ იქნება მომგებიანი, იმ შინაარსიდან გამომდინარე, რაც მათ უნდა შეასრულონ. არის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ზარალზე იქნებიან, იმიტომ, რომ მისი ყიდვის მსურველი არავინ იქნება, ხოლო ის ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიამ უნდა შეასრულოს, სახელმწიფოს მხრიდან მისაწოდებელია. შესაბამისად, თუ სახელმწიფო უარს იტყვის ამ კომპანიაზე, კი ბატონო, ზარალიანი კომპანიით ნაკლები გვექნება, მაგრამ სერვისს ვერ მიიღებს მოსახლეობა, რაც შეიძლება იყოს მაგალითად წყლის მიწოდება, არ მგონია, საზოგადოებისთვის ის უფრო იყოს საინტერესო, რომ ზარალიანი კომპანია გაქრეს სახელმწიფო ბალანსიდან, ვიდრე მათთვის სასმელი წყლის მიწოდებას ჰქონდეს კითხვის ნიშანი.
შესაბამისად, ყველა კომპანიაზე ეს ვერ გავრცელდება. თუმცა, არის სახელმწიფო კომპანიები, სადაც ოპტიმიზაცია დიდი დოზით არის შესაძლებელი, სადაც პოლიტიკის ცვლილების შედეგად შესაძლებელია, რომ უფრო გაჯანსაღდნენ და მეტად გამჭვირვალეები გახდნენ”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში.