სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ხანძრისას დაღუპულ ბავშვებზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზუნვის სააგენტო ეხმაურება ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს. უწყების ცნობით, ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული ბავშვები 2018 წლიდან – ჩვილობის ასაკიდან- ოჯახისგან იყვნენ განცალკევებული. თუმცა 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს.
“ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი მტკიცებით, “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა”. კონკრეტულად, ისინი იღებდნენ სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრულ შემწეობას, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების ოჯახში დაბრუნების შემდეგ კი, რეინტეგრაციის ანაზღაურებას – 1500 ლარს ყოველთვიურად. გარდა ამისა, არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.
ზრუნვის სააგენტოში ამბობენ იმასაც, რომ სოციალური მუშაკი პერმანენტულად, კანონით განსაზღვრულ ვადებში მიდიოდა ოჯახში მდგომარეობის შესაფასებლად.
მომხდარის შემდეგ კითხვები დაისვა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მიმართ. ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერება. განსაკუთრებით, როცა იქ არასრულწლოვანებიც ცხოვრობენ.
“ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით”, – წერს ლომჯარია.