სახელმწიფო დღეს „ჯანმრთელობისგან“ იცავს მოსახლეობას – ლევან კობერიძე

სახელმწიფო დღეს „ჯანმრთელობისგან“ იცავს მოსახლეობას – ლევან კობერიძე
„ჯანდაცვის პოლიტიკა ნაკლებად ემსახურება ადამიანების გამოჯანმრთელებას, ის უფრო ემსახურება ან სახელმწიფო-პოლიტიკურ ინტერესებს, ან მსხვილი ოლიგარქიული ჯგუფის ინტერესებს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მან ისიც თქვა, რომ ამ სუბიექტების მსახურებაშია ჯანდაცვის სისტემა და არა ადამიანის გამოჯანმრთელების მსახურებაში.
„ჯანდაცვის პოლიტიკა არ ემსახურება ადამიანების გამოჯანმრთელებას, ის ემსახურება ან სახელმწიფო-პოლიტიკურ ინტერესებს, ან მსხვილი ოლიგარქიული ჯგუფის ინტერესებს, რომლებიც გამოხატული არიან როგორ ფარმაცევტულ, ისე ჰოსპიტალური სექტორის ინდუსტრიაში და ამ სუბიექტების მსახურებაშია ჯანდაცვის სისტემა და არა ადამიანის გამოჯანმრთელების მსახურებაში. ცოტა მეტაფორულად რომ შევაფასო, სახელმწიფო მოქალაქეებს იცავს არა დაავადებებისგან, არამედ ჯანმრთელობისგან. ადამიანების გამოჯანმრთელება სრულად არ ხდება“, – აცხადებს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 10 წლის წინ დაწყებული რეფორმის გამო დღემდე თვითკმაყოფილებით არიან შეპყრობილი და მათი არათანმიმდევრულობა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა რომ გაიზარდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მიეცეს ვინმე და 10 წლის წინ რომ დაიწყო ეს პროგრამა და კარგი შედეგები ჰქონდა, ამის გამო მეტი აღარაფერი გაკეთდეს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს პირველ პირებს ვატყობ, რომ თვითკმაყოფილების სინდრომით არიან შეპყრობილი, რაკი ერთჯერადად რაღაც კარგი მიმართულება იქნა აღებული, მაგრამ დღეს ეს არათანმიმდევრულობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა ეს არის ამოსავალი წერტილი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა. ამ მიზნისკენ რომ მიხვიდე, ამას სჭირდება თანამიმდევრული სწორი რეფორმები. მაგრამ ამ რეფორმების გატარება როგორ ხდება, აქაა პრობლემა. მე თვითონ ვიყავი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ვიცი ჩვენ რა პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ 2017 წელს. ეს პოლიტიკა პარლამენტის მიერ იყო დამტკიცებული, ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ჯანდაცვის და სხვა დონორ ორგანიზაციებთან იყო შეთანხმებული და ეს ყველაფერი დღეს თაროზეა შემოდებული და არავის ახსენდება“,- ამბობს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, „ჯანდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ დეველოპერულ კომპანიად გადაკეთდა და კლინიკების ადგილას დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე უფრო აქვთ ლაპარაკი, ვიდრე ჯანდაცვის პრობლემებზე“.
„ჯანდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ გადაქცეულია დეველოპერულ კომპანიად და კლინიკების ადგილას დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე უფრო აქვთ ლაპარაკი, ვიდრე ჯანდაცვის პრობლემებზე. რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითს ცოტა ხანში, ალბათ, დაემატება სხვა ობიექტებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში გახდა ან კორუფციის წყარო, ან მსხვილი ოლიგარქიული ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილების წყარო, ან სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი პარტიის პოლიტიკური პოზიტივისთვის გამოყენების საშუალება და დაიკარგა ყველაზე მთავარი ამოცანა – თანმიმდევრული ნაბიჯებით როგორ მივიდეთ უნივერსალურ ჯანდაცვამდე “, – აცხადებს ლევან კობერიძე.