აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 6 დეკემბერს გაიმართა. ჰაკი მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებს კურირებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, აშშ-ის სადამკვირვებლო მისიები 2024 წლის არჩევნებისთვის, შესაძლო კოალიციური მთავრობა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერა.
„განვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პროცესი, რომ არ განმეორდეს საძაგლობა, რაც „ოცნებამ“ ჩაიდინა 2020 და 2021 წელს. მნიშვნელოვანია „ოცნებამ“ იცოდეს, რომ თუ გაიმეორებს გაყალბების მცდელობებს, ვერ მოახერხებს დააღწიოს თავი ძალიან კრიტიკულ შეფასებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოახდინოს ლეგიტიმაცია უკანონოდ ჩატარებული არჩევნების“, – უთხრა „ტვ პირველს“ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, რა სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?!“, – კითხულობს იგი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ აშშ-ის სადამკვირვებლო მისიისთვის რესურსები უკვე მობილიზებულია და მომავალ წელს საქართველოში, დამკვირვებლების გარდა, „ვნახავთ მაღალ წარმომადგენლობას“.
„დროას“ ლიდერმა ელენა ხოშტარიამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ისაუბრეს საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერაზე.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი თქვა „ტვ პირველთან“, რომ საუბარი, მათ შორის, ეხებოდა „მომავალ კოალიციურ მმართველობას“. „აინტერესებდა, ვფიქრობთ თუ არა მაგაზე, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი. გასაგებია, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც სურათს შეიძლება არ ტოვებდეს არსებული ვითარება ოპოზიციაში“, – აღნიშნა მან.
ჰაკი ოპოზიციამდე მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა.