შეერთებული შტატების მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისათვის დაწესებულ მორიგ სანქციებს სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. პრესმდივნის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ხელმძღვანელები, რომლებიც “ჩართულნი იყვნენ მედიისა და დემონსტრანტების სასტიკ დარბევებში მთელი 2024 წლის განმავლობაში”.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა “იმ პირებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაში”.
პატელის თქმით, შეერთებული შტატები “კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციონერთა წინააღმდეგ”. დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ “პარტიამ “ქართული ოცნება” ზურგი აქცია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული”.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრაზე დასმული შეკითხვის პასუხად, მან განაცხადა, რომ “მომავალი ადმინისტრაცია მის საგარეო პოლიტიკაზე თავად ისაუბრებს”.