აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზღვარგარეთ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაავალა, დროებით შეაჩერონ შეხვედრები სტუდენტური ვიზების მიღების მსურველ აპლიკანტებთან.
მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს წერილში, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ პაუზა გაგრძელდება „შემდეგი მითითებების გამოქვეყნებამდე“.
რუბიოს წერილის თანახმად, რომელიც CBS News-მა მოიპოვა, სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი ინსტრუქციების მიღებას აპირებს, რაც დაკავშირებულია აპლიკანტების სოციალური მედიის შემოწმებასთან.
“დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს სტუდენტებისა და გაცვლითი ვიზიტორების არსებული ოპერაციებისა და პროცედურების გადახედვას, აპლიკანტების სკრინინგისა და შემოწმებისთვის”, – ნათქვამია რუბიოს წერილში.
BBC წერს, რომ ეს ხდება პრეზიდენტ ტრამპის დაპირისპირების ფონზე ზოგ ელიტურ უმაღლეს სასწავლებელთან, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი ზედმეტად მემარცხენედ მიიჩნევს. ტრამპის თქმით, ზოგი მათგანი ანტისემიტიზმს უშვებს და სტუდენტთა მიღებისას დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს, კალენდრებიდან ამოიღონ ვიზების მიღების მსურველ სტუდენტებთან ყველა დაუჯავშნელი შეხვედრა, თუმცა ეს არ შეეხება მათ, ვისაც უკვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები.
აშშ-ში სწავლის მსურველ უცხოელ სტუდენტებს, როგორც წესი, მათ სამშობლოში არსებულ ამერიკის საელჩოებში გასაუბრების გავლა მოეთხოვებათ.
ბევრი ამერიკული უნივერსიტეტი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელი სტუდენტებისგან იღებს, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი სწავლის უფრო მაღალ გადასახადს იხდიან.
სტუდენტური ვიზების შესახებ დასმულ შეკითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ქვეყანაში შემოსული პირების შემოწმების პროცესს და ამის გაგრძელებას ვაპირებთ“.
მანამდე ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა, დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტს აუკრძალა უცხოელი სტუდენტების მიღება. უნივერსიტეტს შესაბამისი სერტიფიკატი 22 მაისს გაუუქმა შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა.
შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაადანაშაულა ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში. ნოემის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ბევრჯერ ჰქონდა სწორად მოქცევის შესაძლებლობა, მაგრამ უარი თქვა.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა, რომლის სტუდენტების დაახლოებით 27% უცხოელია, შიდა უსაფრთხოების მინისტრის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
ფორუმი
