ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული.
„საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ძლიერ პარტნიორად“, – ვკითხულობთ ტექსტში.
საქართველოს შესახებ ქვეთავში წერია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.
2022 წელს კი, ვკითხულობთ ანგარიშში, საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.
„საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ხოლო სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებთან დაკავშირებით და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე საქართველოს პროკურატურასა და საერთაშორისო პარტნიორებთან.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.
2022 წელს საქართველოდან სირიაში ან ერაყში ტერორისტული მოქმედებების გამო წასული საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გამოვლენილა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის ცნობილი მოვლენების ულტრამემარჯვენე ორგანიზატორებიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან ძალადობრივ ქმედებებთან, 2022 წელს არც ერთს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. მეტიც, Alt-Info-მ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.