სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი გიორგი ალექსიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განცხადებით მიმართავს.
“ბატონებო, დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მომავალი დემოკრატიული განვითარების უაღრესად მძიმე და სახიფათო მომენტში, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს.
ბატონო ოფიცრებო და გენერლებო, დარწმუნებული ვარ, თითეულმა თქვენთაგანმა აირჩია ეს რთული და საპატიო პროფესია, რათა ემსახუროს საკუთარ სამშობლოს და დაიცვას იგი ნებისმიერი საფრთხისგან. შექმნილ ვითარებაში, სწორედ თქვენ გაქვთ პირდაპირი ვალდებულება, ამასთანავე რესურსიც, რათა დაიცვათ ქვეყნის განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური კურსი და აარიდოთ საქართველოს ხელახალი ინტერვენციის საფრთხე.
თანამედროვე ეპოქამ, რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ომის, მათი ოკუპაციის და ანექსიის ახალი ფორმები წარმოშვა. ხშირად რეალური საფრთხე ძალზედ კარგად არის შენიღბული, რის გამოც, იგი დროულად რთულად ამოსაცნობია. მაგრამ, ვინ თუ არა თქვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად ხედავდით თუ როგორ უდიერად ეპყრობოდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორ აბრალებდნენ მათ ომის დაწყებას და ომის წაგებას, როგორ შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნას, როგორ აკნინებდნენ ქართულ ჯარისკაცს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მთავარსარდალს ჯარისკაცების თანდასწრებით, როგორ არ იშურებდნენ ძალისხმევას ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო სულის დასაქვეითებლად.
ჩვენი ქვეყნის ერთგული პარტნიორები, რომლებმაც ათეული წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესში, დღეს მტრად არიან გამოცხადებული. ამ ვითარებაში, ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ დახმარების და წვრთნის ყველა პროგრამა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებს და რადიკალურად შეასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.
აშკარაა, რომ არალეგიტიმური და ჩვენი დაუძინებელი მტრის მიერ ნაქები, არჩევნების გამყალბებელი ოლიგარქია, ნებისმიერ ფასად ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების მიტაცებას. არსებული მახინჯი სისტემის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული სისტემატიური ძალადობის და ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური კურსის დანაშაულებრივი ცვლილების ფონზე, აგრეთვე რუსეთის მოსალოდნელი ხელახალი შემოჭრის საფრთხის წინაშე, სამშობლოს დაცვის და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებით კი გენერალური შტაბის უფროს და უმაღლეს ოფიცრებს.
მოვიდა დრო მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და დაუდასტუროთ ერთგულება სამშობლოს და ქართველ ხალხს, სანამ კვლავ არ დაიღვარა საქართველოს პატრიოტების სისხლი და არ დაიკარგა წლების მანძილზე სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა, თორემ ხვალ შეიძლება დასაცავი არც აღარაფერი დაგრჩეთ.
პატივისცემით,
გიორგი ალექსიძე
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
ყოფილი:
· საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
· საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე,
· ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი;
· ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი;
· საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის,
· ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი
“, – ვკითხულობთ გიორგი ალექსიძის განცხადებაში, რომელსაც პუბლიკა ავრცელებს.