სახელმწიფო გორში, იაპონიის თანადაფინანსებით აშენებულ თაფლის საწარმოს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში არსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს აუქციონზე თითქმის 2 მლნ ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი კი 5 000 ლარია.
4166.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად იყიდება მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა და საწარმოს აღჭურვილობა, რომლის დიდი ნაწილის შესყიდვაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) დააფინანსა.
2021 წელს JICA-მ სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის 87 250 დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა. მხარდაჭერა პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო 2018 წელს აშენდა. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობდნენ, რომ ის დღიურად 2 ტონა თაფლს გადაამუშავებდა. სააგენტოში წლების წინ იმასაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებდა გორის მუნიციპალიტეტში აშენებული, თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საწარმოში თაფლის რაოდენობის შეგროვება, კვლევების ჩატარება და მისი ევროპის ბაზარზე გატანა იგეგმებოდა, ის დღემდე უფუნქციოა.
სახელმწიფო აუქციონის დასრულების ვადა 25 იანვარია.