სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წარუმატებელი გამოდგა იუნ სუკ იოლის მცდელობა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოეღო, თუმცა, შემდგომში ასევე უშედეგო აღმოჩნდა სამხრეთ კორეის ლიდერის გადაყენების მცდელობაც. ვითარება კვლავ დაძაბული რჩება: ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს „სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობის“ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას აპირებენ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ქმედებების გამო მიღებული ზომების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელმა, ო დონ ვონმა აღნიშნა, რომ იუნ სუკ იოლს საზღვარგარეთ გამგზავრება ეკრძალება.
აღნიშნული უწყება 2021 წელს იმისთვის შეიქმნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობა შეისწავლოს, თუმცა, მას ქვეყნის ლიდერის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება არ გააჩნია და მხოლოდ ის ევალება, რომ თავისი მოთხოვნები პროკურატურას გადასცეს.
საზღვარგარეთ გამგზავრება იუნ სუკ იოლს მას შემდეგ აეკრძალა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მან ჩრდილოეთ კორეის თანამგრძნობი „ანტისახელმწიფოებრივი ძალების“ საქმიანობის გააქტიურებით ახსნა. თუმცა, საყოველთაო უკმაყოფილების გამო, ეს ბრძანება იუნ სუკ იოლმა მისი გამოცემიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ გააუქმა.
შაბათს ოპოზიციის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შედგა, მაგრამ იუნი თავისი პარტიის წევრების წყალობით გადარჩა, რომლებმაც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. იმპიჩნენტს სამხრეთ კორეის პარლამენტის მხოლოდ 195-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რაც 200-ით ნაკლებია პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმების რაოდენობაზე.
„ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედება, ახალი აჯანყება და სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობა“, – განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, პაკ ჩან დემ, კენჭისყრის ბოიკოტზე საუბრისას.
„დემოკრატიულმა პარტიამ“ განაცხადა, რომ ამ კვირაში იმპიჩმენტის განხილვას განაახლებს. თავის მხრივ, პრეზიდენტ იუნის „ხალხის ძალაუფლების პარტია“ ირწმუნება, რომ იპოვის „უფრო სწორ და პასუხისმგებლიან“ გზას კრიზისის მოსაგვარებლად.
კენჭისყრის დღეს, პრეზიდენტმა ხალხს ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ საომარ მდგომარეობას აღარ გამოაცხადებს, თუმცა გადადგომაზე უარი თქვა.
თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განმარტა, რომ იუნი რჩება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურად, მაგრამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზარდი უთანხმოება მაღალჩინოსნებსა და პრეზიდენტს შორის ეჭვქვეშ აყენებს მის უფლებამოსილებებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იუნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.
იუსტიციის სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის კომისარმა, ბე სან აპმა ორშაბათს გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე დაადასტურა, რომ იუნს მოგზაურობის აკრძალვა დაუწესდა.
სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ითვლება მთავრობის და არმიის ხელმძღვანელად, თუ ის არ გადადგება ან ქმედუუნარო არ გახდება. პრეზიდენტის მხარდამჭერი „ხალხის ძალაუფლების პარტიის“ ზოგიერთი წევრი თანახმაა, რომ იუნი დარჩეს პრეზიდენტი, მაგრამ თავისი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცეს.
ოპოზიციისთვის ეს ვარიანტიც მიუღებელია: „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა მას „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კონსტიტუციის აშკარა დარღვევა“ უწოდა.
