საქართველოში არქიტექტორების სერტიფიცირების პროცესი დროში ჭიანურდება, ამ დროს კი მთავრობა შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებს ადგენს და მშენებლებს 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამ წესებით მუშაობას ავალდებულებს.
ცნობისათვის, შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესით განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს ფასადის, სახურავის, ღობის, ფერების პალიტრის, ლანდშაფტის ინტეგრაციის, ქუჩების ესთეტიკის, ვიზუალური იერარქიის, დასახლების ხედის (ურბანული სილუეტის), მხატვრული დეტალების, ურბანული დიზაინის და სხვა ელემენტების ურთიერთშესაბამისობა.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად გაზრდის სამშენებლო პროცესში არქიტექტორების ჩართულობის მნიშვნელობასა და დატვირთვას, ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობამ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი რამდენჯერმე გადაავადა.
თავდაპირველი დათქმით, სერტიფიცირების პროცესი 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. აღნიშნულმა ვადამ მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაიწია. ბოლო ცვლილებით, არქიტექტორს პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე აღარ მოეთხოვება.
შეგახსენებთ, წესი გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა, ხოლო მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა შეამოწმონ სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა.
სერტიფიცირების პროცესის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს შესაბამისი რესურსი, მსგავსი მასშტაბის რეფორმა განახორციელოს.
მისივე თქმით, სერტიფიცირების წესის დანერგვა, კიდევ უფრო მეტ აუცილებლობას წარმოადგენს დარგის სხვა სპეციალისტებისთვის, ამასთან დაკავშირებით კი ჯერ შესაბამისი უწყებების მხრიდან საუბარიც არ დაწყებულა.
„კოდექსი შეეცადა გავლენა მოეხდინა მშენებლობის ხარისხზე, სერტიფიცირების წესით. გარკვეულ ვადაში ბაზარზე შემოეყვანა სერტიფიცირებული სპეციალისტები. კოდექსმა არ შეზღუდა, მაინცდამაინც არქიტექტორებზე არ ჩამოსულა ფსონს. სამშენებლო საქმიანობის ყველა ფიგურანტზე შესაძლებელი იყო ამ რეგულაციის საფუძველზე რაღაც შემოგვეღო. თუმცა, სახელმწიფომ მხოლოდ არქიტექტორების სერტიფიცირების წესზე დაიწყო მუშაობა. თუმცა, ეს პროცესიც გაიწელა და 5 წელზე მეტია, რაც გადავადების რეჟიმშია.
როგორც გითხარით, რეგულაცია მხოლოდ არქიტექტორის პროფესიას ფარავს, მაშინ როდესაც მშენებლობის პროცესში მონაწილეობენ გეოლოგები, კონსტრუქტორები, სხვადასხვა ტიპის ექსპრეტები. მათი ხარისხიანად შესრულებული სამუშაო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მდგრად მშენებლობაზე. კოდექსის მიზანიც სწორედ ეს იყო. კოდექსის მიზანი არ ყოფილა, გინდა თუ არა არქიტექტორები დავასერტიფიციროთ. ყველას უპირებდნენ გარკვეული რეგულაციის დაქვემდებარებას. ნათქვამი იყო, მოდი, სახელმწიფომ განსაზღვროს, ვინ არიან ეს სუბიექტები და დადგინდეს მათი სერტიფიცირების წესიც.
გეოლოგია და კონსტრუქციული მხარე ერთ-ერთი საკვანძოა მშენებლობაში. ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალში ეს შენობა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ არქიტექტორებით არ უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო. არქიტექტორები კი ხაზავენ პროექტს, მაგრამ ხარისხობრივი მახასიათებლები უკავშირდებათ გეოლოგებს და კონსტრუქტორებს. იქ თუ რამე შეცდომაა დაშვებული, არქიტექტორმა რაც არ უნდა დახაზოს, ეს არაფრისგან აღარ დაგვაზღვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს პროფესიაც.
ჩემი აზრით, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ასეთი მასშტაბური რეფორმა აწარმოოს. არის წინააღმდეგობრივი, არ აქვთ ერთიანი ხედვა, რა უნდა გააკეთონ ამ პროცესში. სწორედ ამას ადასტურებს გადავადებებიც, ფაქტიდან რომ გამოვიდეთ. თვითონ სახელმწიფო არ არის მზად, რომ სერტიფიცირების წესი შეიმუშაოს. არ არის მზად, რომ ჯერ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა, სანამ ამ ყველაფერს სხვა სუბიექტებს დააკისრებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მარტივი გამოსავალი გადავადებაა.
ახლა, როცა კონტროლი არ არის, უამრავი დასკვნა შეგიძლია იყიდო ბაზარზე. ემა ტუხიაშვილმა გააკეთა ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ ძალიან საინტერესო ჟურნალისტური ექსპერიმენტი. დაურეკა გეოლოგს და უთხრა, რომ გეოლოგიური დასკვნა სურდა. პასუხად მიიღო, თუ ნამდვილი გინდა გაგიკეთო, უფრო ძვირია და თუ გინდა უბრალოდ მეილზე გამოგიგზავნო, უფრო იაფი დაგიჯდებაო. რა ხდებოდა ბაზარზე, მაგის საილუსტრაციოდ გაკეთდა ეს ექსპერიმენტი. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ წლები გავიდა მაგის შემდეგ და სიტუაცია არ შეცვლილა. ბაზარზე ახლაც ზუსტად იგივე სიტუაციაა. სერტიფიცირება იმიტომ გააჯანსაღებს პროცესს, რომ თუ გაყიდის ვიღაცა დასკვნას, დაკარგავს საქმიანობის უფლებას. ეს საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა და არ არის ქართული ნოვაცია“, – აცხადებს უჩა ზაქაშვილი.
www.bpn.ge



