სახელმწიფოს შშმ ბავშვისთვის მორალური კომპენსაციის სახით 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” PHR-ის ინფორმაციით, სახელმწიფოს დაეკისრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 12 000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შშმ ბავშვმა, ლუკამ, ვერ მიიღო მისთვის საჭირო სერვისი სახელმწიფოსგან, რადგან ასეთი სერვისი ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობდა. ამის ნაცვლად მოზარდი 3 თვეზე მეტხანს იძულებით განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა ეს არ სჭირდებოდა.
4-წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ “სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არარსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლუკას უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში”.
PHR-ის იურისტების შეფასებით, საქმე პრეცედენტულია, რადგან “ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას”.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო განხილვებისას სახელმწიფოს წარმომადგენელი პროგრამის არარსებობას ხსნიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით და ამბობდა, რომ უწყებებს საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვთ.
“ლუკას სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო ბავშვს უხდებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვეობით ყოფნა, სადაც იგი, მისი ინტერესების დამცველების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქცევის სირთულის გამო, ასევე, ვერ იღებდა განათლებას და ვერც სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისებით სარგებლობდა”, – ვკითხულობთ PHR-ის განცხადებაში.
სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ლუკს ოჯახმა, PHR-თან ერთად, არაერთხელ მიმართა სახელმწიფო უწყებებს პერსონალური ასისტენტის სერვისის შექმნის მოთხოვნით. თუმცა, უშედეგოდ. 2020 წელს მათ სასამართლოს მიმართეს. ამ დროს ლუკა 14 წლის იყო. სასამართლომ დაუყოვნებლივ, 2 დღეში დააკმაყოფილა მოთხოვნა და ლუკას პერსონალური ასისტენტი დაენიშნა, რომელიც დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში იყო მასთან ერთად.
“ლუკას საქმის შედეგად ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა სისტემური ცვლილება, რაც ყველა შშმ ბავშვს, საჭიროების შეფასებით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, აძლევს შესაძლებლობას, პერსონალური ასისტენტის სერვისით ისარგებლოს. სწორედ ლუკას სამართლებრივი პროცესების წარმოების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც შევიდა ცვლილება, კერძოდ: შშმ ბავშვები, მათ შორის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით. რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას: ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელება, ისე როგორც ეს მოხდა ლუკას შემთხვევაში”, – აცხადებენ PHR-ში.
სისტემური ცვლილებების პარალელურად, ლუკას ოჯახმა და ადვოკატებმა გააგრძელეს ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან მოზარდისთვის მორალური ზიანის აღიარებისთვის. 4 წლის შემდეგ სასამართლომ ეს ზიანი აღიარა და მის საკომპენსაციოდ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მისთვის 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმეზე მოსამართლე იყო დავით წერეთელი. ლუკას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი, ნანა გოჩიაშვილი, თამარ კაპანაძე.