სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავთ და თუ დამასანქცირებენ, მზად ვარ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი აცხადებს, რომ რუსული კანონის მხარდაჭერით სახელმწიფო ინტერესებს იცავს და ამიტომ ამის გამო დასანქცირებისთვის მზადაა.
„ჩვენი სამუშაო ვითარებაა, რომ კანონები მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. რაც გუშინ ვნახეთ არის ის, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი. მე მგონია, რომ [ევროპარლამენტის] ს შემდეგ, ვერც კუბილიუსებს ვნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს[…]
ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან და მიიღებენ, როგორც არაერთხელ მიუღიათ. მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპატიმარი არისო ამბობენ და ეს მიგაჩნიათ თქვენ ჩვენს მეგობრობად?! – არა! არა და არასდროს არ იქნებიან ამ ღირებულების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები[…]
ვიცავთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე დამასანქცირებს, პირადად მე მზად ვარ,“ – განცხადა ირაკლი ზარქუამ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ხუთი რეზოლუციაა დარეგისტრირებული. ხუთივე მათგანის ძირითადი თემა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების მეორე მცდელობა და მისი თანმდევი პროცესებია. რეზოლუციების ნაწილში მოთხოვნილია, რომ ევროკავშირმა დაასანქციროს ყველა ის დეპუტატი, რომელიც რუსულ კანონს მხარს უჭერს.
სავარაუდოა, რომ კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები რეზოლუციის ტექსტებს ერთმანეთთან შეათანხმებენ და კენჭისყრაზე ერთ, შემაჯამებელ ვერსიას გაიტანენ. ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ“ კენჭს 25 აპრილს უყრიან.