შოკოლადისა და ნუგების მწარმოებელი ქართული კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, რომ მცირე და მიკრო მეწარმეების მხარდაჭერას სახელმწიფოს უფრო აქტიურად უნდა ახორციელებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრმა კომპანიამ შესაძლოა საქმიანობა შეწყვიტოს.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მცირე და მიკრო მეწარმესა და დიდ ბიზნესს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და პირობებიც განსხვავებული უნდა იყოს.
“სახელმწიფოს ჩართულობა უმნიშვნელოვანესია მცირე და მიკრო მეწარმეების განვითარებაში. მცირე და მიკრო მეწარმესა და დიდ ბიზნესს შორის იგივე პირობები არ უნდა იყოს, მათ შორის, ქსელურ მარკეტებში შესასვლელად. მცირე და მიკრო მეწარმე ვერასდროს გადაიხდის იმ თანხას, რომელსაც ქსელური მარკეტები ითხოვენ. აღნიშნული ეხება ასევე, ონლაინ პლატფორმაზე პროდუქციის განთავსების პირობებსაც. სწორედ ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს ჩართულობა. სამწუხაროდ, შეღავათი და განსხვავებული პირობები ჩვენ დღეს არ გვაქვს, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი კარგი კომპანია ფუნქციონირებას წყვეტს”, – აცხადებს თეა ედიშერაშვილი.
გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის და ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტის გამოშვება და შეკვეთების რაოდენობების ზრდაც.
თეა ედიშერაშვილის თქმით, წინა წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაყიდვები ფაქტობრივად ჩავარდა, თუმცა წელს კომპანიის მოლოდინი უფრო პოზიტიურია.
“საახალწლო შეკვეთების მიღება დავიწყეთ, თუმცა დეკემბრის პირველ კვირაში შეიმჩნევა როგორი წელი იქნება, რადგან შეკვეთები ძირითადად ამ პერიოდიდან აქტიურდება ხოლმე. ახალი პროდუქტი გერმანული შტონელი დავამატეთ, რომელიც ძალიან გემრიელი საახალწლო დესერტია.
წელს დიდი იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და კარგი მაჩვენებლები გვექნება. ჩვენ დაახლოებით, 3-4 წელია, რაც ბაზარზე ვართ და წლიდან წლამდე შეკვეთების რაოდენობა მზარდი იყო, თუმცა წინა წელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უკან დაგვხია. ძალიან ბევრი ჩვენნაირი პატარა კომპანია გაკოტრდა და საერთოდ დაიხურა. წელს გვაქვს იმედია, რომ მდგომარეობა გამოსწორდება”, – აღნიშნა თეა ედიშერაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით უარყოფითი პოზიცია, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ. მათ შორისაა “ჩირჩხელას” აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე. მეწარმის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე – კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




