სახელმწიფომ „კურორტ საირმეს“, ვანში მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა – განკარგულება

სახელმწიფომ ვანის მუნიციპალიტეტში 2 060 ჰა მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით კომპანია „კურორტ საირმეს“ გადასცა. მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის 104-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად საიჯარო ქირის სახით 1 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ ვანში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების არის, გარკვეული ვალდებულებით გადასცემს, რაც გაზაფხულზე გამოცემული მთავრობის განკარგულებაშია გაწერილი.
კონკრეტულად კი მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის 609 განკარგულებით, საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. ასევე, განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები. ასევე, კომპანიამ მომდევნო 8 წლის განმავლობაში, უნდა დაასაქმოს მინიმუმ 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით.
ცნობისთვის, აღნიშნული საინვესტიციო ვალდებულებით მთავრობამ გასულ წელს „კურორტ საირმემ“ ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით, წელიწადში 1 000 ლარად 13 687 749 კვ.მ მიწის ფართობს გადასცა. საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე. განკარგულებაში გაწერილია გრაფიკი, რომლითაც “კურორტმა საირმემ” ვალდებულებების შესასრულებლად მინიმუმ ₾80 მლნ-ის ინვესტიცია უნდა ჩადოს. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია, 6 წლის პერიოდში 40 მლნ ლარის, 8 წლის ვადაში კი 80 მლნ ლარი.
ინფორმაციისთვის, კომპანია „კურორტი საირმე“, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასტუმრო კომპლექსს „კურორტი საირმეს“ მართავს, 2001 წელსაა დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ კოხოძეა, რომელიც ასევე „ ჰოლდინგის“ მფლობელი კომპანიის 92%-იანი წილის მმართველია.