სახელი, რომელიც იმსახურებს ცნობადობას ავტოისტორიაში – ალექსანდერ უინტონი

ამ რუბრიკის ფარგლებში იმდენ საინტერესო ბრენდზე, ადამიანსა და მანქანაზე მოგიყევით, რომ თითქოს ყველა თემა ამოვწურეთ, მაგრამ ავტოსამყარო იმდენად ფართოა, ყოველთვის მოიძებნება საინტერესო ისტორია, რომლის გაზიარებაც თქვენთვისაც მოგვინდება.
დღევანდელი სტატიის მთავარ გმირად ალექსანდერ უინტონი შევარჩიეთ და არ იღელვოთ, თუკი ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, რადგან ამ მასალასაც სწორედ იმისთვის ვამზადებთ, რომ გაგაგებინოთ, თუ ვინ არის ეს მნიშვნელოვანი პიროვნება და რა როლი ჰქონდა მას ავტოისტორიაში.
ადრეული წლები
ალექსანდერ უინტონი ავტომობილების ინჟინერი და პოპულარიზატორი იყო, რომელიც შოტლანდიაში, ალექსანდერ და ჰელენ ფეა უინტონების ოჯახში დაიბადა. 19 წლის იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და საზღვაო ძრავების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
1891 წელს მან დააფუძნა Winton Bicycle Co., რომელიც ველოსიპედის დიზაინს აწარმოებდა და იმავე წელს დააპატენტა თავისი დიზაინები. მისი ბიზნესი საკმაოდ წარმატებული გამოდგა 10 წლის განმავლობაში, თუმცა უინტონი მანქანების წარმოებით დაინტერესდა და 1896 წელს თავისი პირველი ავტომობილი დაასრულა.
პირველი ავტომობილი
პირველი ექსპერიმენტული ავტომობილი, რომელიც მან შექმნა, 1896 წელს გამოვიდა. მას ერთი ცილინდრი და ოთხი სავარძელი ჰქონდა. შემდეგი პროტოტიპი, რომელიც მომდევნო წელს გამოჩნდა, ექვს ადგილს იტევდა.
თავისი მანქანების დასამზადებლად უინტონმა კლივლენდის ერთ-ერთი ქარხანა იყიდა, თუმცა პარალელურად, ველოსიპედების ბიზნესშიც დარჩა 1899 წლამდე. ამ პერიოდში უინტონმა ბენზინზე მომუშავე პირველი სატვირთო მანქანები ააწყო, რომლებიც შეერთებულ შტატებში იწარმოებოდა. მის მიერ წარმოებული მანქანა იყო პირველი, რომელმაც შეძლო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა.
1900 წლისთვის Winton Motor Carriage Company ბენზინისძრავიანი ავტომობილების უმსხვილესი მიმწოდებელი იყო ქვეყანაში. იგი ყოველწლიურად 100-ზე მეტ ერთეულს აწარმოებდა.
რბოლებში მონაწილეობა
მიუხედავად წარმატებისა, უინტონი არ ჩერდებოდა და ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გაეფართოებინა თავისი საქმიანობა. მან რბოლებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
1901 წელს დეტროიტში რბოლაზე წაიყვანა თავისი მოდელი, Winton Bullet, რომლის მოწინააღმდეგე მანქანის პილოტიც იმ დროისთვის უცნობი ჰენრი ფორდი იყო. მართალია, უინტონის მანქანამ წააგო ფორდთან ბრძოლაში, მაგრამ მისთვის რბოლებში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილებად დარჩა.
მთელი ძალებით საგზაო მანქანებისკენ
რბოლებში მიღებული მარცხის შემდეგ უინტონმა მთელი თავისი ძალები საგზაო მანქანების შექმნისკენ მიმართა. 1908 წელს მან წარმოადგინა პირველი ექვსიანი ძრავა, რომლის ფასიც $6000-ს აღწევდა. მიუხედავად მაღალი ფასისა, 1200-მა ადამიანმა შეიძინა ავტომობილი.
შემდეგი ექსპერიმენტი, რომელიც უინტონმა ჩაატარა, თავისი მანქანებისა და ძრავების ზომის შემცირება და მათი კორპუსის სტილის გაფართოება იყო. თავდაპირველად ამ მანქანების პერსპექტივაც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა 1924 წელს გაყიდვები 100 ერთეულამდე შემცირდა, ბოლოს კი საერთოდ შეწყდა.
იმ დროისთვის უინტონი საზღვაო და სტაციონარული დიზელის ძრავების წარმოებასა და დიზაინში იყო ჩართული. 1930 წელს, უინტონის სიკვდილამდე ორი წლით ადრე General Motors-მა იყიდა მისი წარმოებული ძრავა და გამოიყენა მსუბუქი სამგზავრო ავტომობილის შესაქმნელად.
უინტონი 1932 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2005 წელს მისი სახელი -ის Automotive Hall of Fame მუზეუმსა და დიდების დარბაზში შეიტანეს, მომდევნო წელს კი ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი