სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს – ქეთევან თურაზაშვილი

„ინტერპელაციის წინ შეიკრიბეთ და სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს„, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთვის მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა.
„გულწრფელად ვამბობ, რომ გუშინ რაც მოხდა, პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა. ზუსტად ინტერპელაციის წინა დღეს შეიკრიბა პრემიერი, თქვენ ქალბატონო ნათია, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი და სასწრაფოდ, სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს. ერთი წლის წინ მე მქონდა პირველი გამოსვლა ამ საკითხზე, ამ მუშაობამ შედეგი გამოიღო და „ქართული ოცნება“ და თქვენ იძულებული გახდით, რაღაც მოგეფიქრებინათ და შეგეთავაზებინათ ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 370 000-მდე პენსიონერი გვყავს, ყველას „ლიბერთი ბანკის“ სესხი აქვს, და მოტყუებით აქვთ აღებული ის სესხები, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. შესაბამისად, 150 000 კი არა 370 000 პენსიონერს უნდა მივხედოთ, რადგან მათ უკვე 5-10-ჯერ მეტი თანხა აქვთ გადახდილი, ვიდრე მათი სესხი იყო. ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება რომ მათი სესხი რაღაც პროცენტით შემცირდა და ზოგ მათგანს 10-20 ლარით შეუმცირდა, არაფერია. ფაქტობრივად, თქვენ პენსიონერებს ეუბნებით, რომ მე გძარცვავდი და გავაგრძელებ შენს ძარცვას, უბრალოდ ნაკლები თანხით, ამიტომ ეს არ არის სწორი“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.