სახეზეა დადებითი დინამიკა – სააკაშვილზე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დასკვნას დღეს, 5 თებერვალს, აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც კლინიკა “ვივამედში” 25 იანვარს მოინახულა.
ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს 25 იანვარს, მისი მონახულების შემდეგაც.
“ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას”, – წერია დოკუმენტში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტს გამოჯანმრთელების დადებითი დინამიკა აქვს, რადგან “წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ”.
ექიმთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა მყარი დადებითი პროგნოზების გაკეთების საშუალებას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
· 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი;
· ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე;
· 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ს ნავსადგურში;
· მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს;
· ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის მაისში სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში”, სადაც დღემდე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია