ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ეხმაურება და ფაქტს უკანონოს უწოდებს.
როგორც დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, ვაშინგტონი რუსეთს ისევ მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.
“აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები”, – თქვა მილერმა ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო პრესკონფერენციაზე.
***
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების “რატიფიცირება” ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.
26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.
თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.
როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.
ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.