აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე”.
ამერიკის საგარეო უწყებას ფორმულამ კითხვა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმის მონაწილეობის შესახებ დაუსვა.
“შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება”, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.