სახალხო დამცველმა შეკრების მონაწილეთა მიერ სახის დაფარვის შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციის მონაწილეთა მიერ სახის დაფარვის შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარუდგინა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურება და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა.
ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (𝐎𝐒𝐂𝐄/𝐎𝐃𝐈𝐇𝐑) მიერ დადგენილი რელევანტური სტანდარტი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როცა შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ, ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ არსებითად საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის მიზნით“.
„7 ნოემბერს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (𝐀𝐦𝐢𝐜𝐮𝐬 𝐂𝐮𝐫𝐢𝐚𝐞) ზოგადი მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც შეკრების მონაწილეთა მიერ სახის დაფარვის შემთხვევებთან დაკავშირებით უფლებრივი სტანდარტია განხილული.
„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში, საერთო სასამართლოები დიდი რაოდენობით საქმეებს განიხილავენ საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რაც შეკრების მონაწილეების მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის შემთხვევებს უკავშირდება. შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვის მსგავსი უპირობო საკანონმდებლო აკრძალვა სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ უკანასკნელ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და მისი გაუქმება მოითხოვა. პერიოდულად, დასახელებული აკრძალვის დარღვევაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდა და მათ შორის, სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა.
აპარატის მიერ კანონმდებლობისა და შესაბამისი დადგენილებების გაცნობის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ამგვარი საქმეების განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა უწევს შეკრების თავისუფლების მრავალ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც უფლებით დაცულ სფეროსა და მისი შეზღუდვის ფარგლებს უკავშირდება. ვინაიდან მსგავსი არაერთი საქმე, შესაძლოა, მომავალშიც გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანი და შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებებით ხდება, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარედგინა. სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურება და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა.
იმისთვის, რომ კოდექსის განსახილველი ნორმა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან შესაბამისად განიმარტოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, მათ შორის, განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (𝐎𝐒𝐂𝐄/𝐎𝐃𝐈𝐇𝐑) მიერ დადგენილი რელევანტური სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება როცა შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ, ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ არსებითად საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის მიზნით.
იხილეთ სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრების ელექტრონული ვერსია: https://tinyurl.com/57e529tp,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.