სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2026 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა.
სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობისკენ მოწოდებას ან ძალადობის თაობაზე მითითების გაცემის ფაქტს.
“ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად.
საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე.
აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა და თქვა, რომ “ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ – “მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება”.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს – პატიმრობა. გარდა ამისა, -ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც “4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო”.
უკვე დეკემბერში, 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. იქამდე, ახალაია და მისი ცოლი სუს-ში გამოკითხეს “ტყეში ამოთხრილ იარაღთან” და ბურჭულაძე-ახალაიას სახელით გავრცელებულ დაუდასტურებელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც თავად ახალაიამ თქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, “ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული”.