საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მალტის საპარლამენტო ომბუდსმენის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა უმასპინძლეს.
„კონფერენციაზე, რომლის თემა იყო – ომბუდსმენების როლი კარგი მმართველობის უფლების რეალიზაციის პროცესში, განიხილეს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად გასატარებელი ღონისძიებები და ომბუდსმენის ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიის საყრდენის მნიშვნელობა; დაუცველი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა, ეთიკური მმართველობის განვითარების მიზნით კეთილსინდისიერებისა და კარგი ადმინისტრირების პრინციპების განმტკიცების საკითხები და ომბუდსმენის როლი ციფრული და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა მალტის პრემიერ მინისტრმა.
კონფერენციაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მოხსენება წარადგინა და ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით ომბუდსმენის ინსტიტუტების როლზე, ხაზი გაუსვა იმ უპირატესობებსა და სირთულეებს, რომელსაც ინსტიტუტები აწყდებიან სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელებისას და ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა, გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა.
16 ოქტომბერს ასევე, გაიმართა ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც ასოციაციის მმართველობასთან დაკავშირებული რიგი გადაწყვეტილებები განიხილეს და მიიღეს, მათ შორის, ჩატარდა ასოციაციის მმართველობითი ორგანოს არჩევნები, რა დროსაც საქართველოს სახალხო დამცველი არჩეული იქნა ასოციაციის მეორე ვიცე პრეზიდენტად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
