სახალხო დამცველმა საპატიმროში მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , რომელიც სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, საპატიმროში მოინახულა. ინფორმაცია გაავრცელა ომბუდსმენის აპარატმა.
„ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველად არჩევამდე ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი. ორივე იყო 2020 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებასთან ამ შეხვედრის შესახებ დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 29 ნოემბერს, დილის საათებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სისხლის სამართლის წესით დააკავა.
პროკურატურის ვერსიით, „ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში. ამის შემდეგ სხვადასხვა ნაწილში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“.
მას ბრალი „ტერორიზმის აქტის მცდელობისთვის“ წაუყენეს. სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით, ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ჰქონდა ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.