სახალხო დამცველი 2025 წელს მიღებული პროტესტის შემზღუდავი ცვლილებების გასაჩივრებას გეგმავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებებს ზღუდავს და მათ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. იოსელიანმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა და ორივე შემთხვევაში მან ეუთო/ოდირის დასკვნა მოითხოვა.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ის ცვლილებები, რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა. ორივე შემთხვევაში ჩემს მიერ ამ ცვლილებების შესახებ მოთხოვნილი იქნა დასკვნა ეუთო/ოდირის მიერ. ორივე შემთხვევაში ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა ეუთო/ოდირში და ორივე შემთხვევაში მათი მხრიდან ეს ცვლილებები შეფასდა ნეგატიურად“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნებში დეტალურად არის ახსნილი, რატომ ზღუდავს აღნიშნული ცვლილებები ადამიანის უფლებებს.
„მთელი რიგი დასაბუთებები არსებობს, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით“, – აღნიშნა მან.
ლევან იოსელიანი შეეხო მანიფესტაციის შესახებ გაფრთხილების საკითხსაც და თქვა, რომ ის კონსტიტუციით ისედაც არის გათვალისწინებული, თუმცა პრობლემურია მისი შინაარსობრივი გამოყენება.
„გაფრთხილების შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღების მსგავსი, რაც კონსტიტუციასთან და კონვენციასთან წინააღმდეგობაში მოდის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისი თქმით, არსებობს შესაბამისი სასამართლო პრაქტიკაც.
„არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ასეთი ტიპის გაფრთხილება არ უნდა გულისხმობდეს რაიმე სანებართვო ვალდებულებას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქცია სპონტანურად იმართება“, – თქვა იოსელიანმა.
იოსელიანმა ნიღბის ტარების აკრძალვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი შეკრების პირობებში მსგავსი შეზღუდვა გაუმართლებელია.
„თუ პროტესტის პროცესი სცდება მშვიდობიან ფორმას და გადადის ძალადობრივში, იქ ნიღაბი ერთ-ერთ არაფერ შუაში არ არის. აქ საუბარი არის მშვიდობიან შეკრებაზე. მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მაგალითად, სამედიცინო ნიღბის ტარების აკრძალვა, არ მიმაჩნია გამართლებულად“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების მუშაობის გამარტივება ვერ იქნება ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
„ის, რომ ვიღაცამ შეიძლება შემდეგ გადაწყვიტოს კანონის დარღვევა და ამიტომ საგამოძიებო ორგანოს სურს, გაიადვილოს თავისი ამოცანა, ამით უფრო დიდი სიკეთის დაზიანება არ შეიძლება იყოს არგუმენტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.
იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემურია ჯარიმების ზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება.
„უკვე იცით, რომ გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა და ალტერნატივად ადმინისტრაციული პატიმრობაც შემოვიდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.