სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კანონსაწინააღმდეგო ხასიათს არ ატარებს და შესაბამისად, მოუწოდებს -ს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს.
“მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს”, – წერს სახალხო დამცველი.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თუ აქცია ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, ხელისუფლებას უკანასკნელი საშუალების სახით შეუძლია მხოლოდ შეკრების შეწყვეტა, მკაცრად პროპორციული ძალით.
პარლამენტის შენობასთან, სადაც ათასობით ადამიანი აპროტესტებს „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას, სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
პარლამენტთან შეკრებილნი არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული ადამიანები, ოჯახები ბავშვებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავდნენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ — აცხადებს შსს.
სპეცტექნიკა და სპეცრაზმია მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც.

ასევე დაგაინტერესებთ