სახალხო დამცველი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი – განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. პრობლემურია სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. არსებულ გამოწვევებს შორის რჩება შშმ პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება“,- აღნიშნა იოსელიანმა.
გარდა ამისა, მან შრომის უფლების რეალიზაციის კუთხით სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესებაც შეაფასა.
„შრომის უფლების რეალიზაციის კუთხით მისასალმებელია სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება. თუმცა, კვლავ ღიაა ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი და კერძო დამსაქმებლების მხრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება“,- აღნიშნავს იოსელიანი.