2025 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ეწვივნენ, პირადად შეხვდნენ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს და აპარატის საქმიანობას გაეცნენ.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გააცნო მათ აპარატის მანდატი, მათ შორის, ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო მანდატის მნიშვნელობას. დისკუსიის რეჟიმში განიხილა სხვადასხვა მიმართულებით შემუშავებული სპეციალური ანგარიშები, რეკომენდაციები და სასამართლო მეგობრის მოსაზრებები. ამასთან, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტები აპარატის საქმისწარმოების პროცესით და იმ საკანონმდებლო საფუძვლებით დაინტერესდნენ, რაც სახალხო დამცველს დამოუკიდებლად მოქმედების გარანტიებს ანიჭებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ფემიციდის პრევენციისა და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულების საკითხებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მიმართ.
შეხვედრა „ახალი თაობის სტუდენტური პარლამენტის“ ინიციატივით ჩატარდა.

				
								
								

