სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი დუშეთის სოფლებში მიქელიანში, ქურქუშაანსა და ზემო შუახევში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა განცხადებით, განსაკუთრებულ პრობლემას მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს, ახალგაზრდები სოფლებში აღარ ჩერდებიან და უახლოეს პერიოდში შესაძლოა სკოლები და ბაგა-ბაღები სრულიად დაცარიელდეს.
ამას გარდა, აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. კერძოდ, სამივე სოფლის მოსახლეობა სახალხო დამცველთან საუბარში გაზიფიცირების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ასევე გამოიკვეთა ინდივიდუალური საჭიროებებიც, მათ შორის, სოციალური დახმარებების თვალსაზრისით.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლები საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული, ბოლო წლებში ადამიანთა გატაცებისა და დატყვევების ფაქტები არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




