საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ სპეტის შეხვდა. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებსა და გახშირებულ უკანონო პატიმრობის შემთხვევებზე.
„განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გამოწვევები, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, ასევე, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
ისაუბრეს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებელთა საკუთრების უფლების დარღვევაზე, ე.წ. საზღვრის კვეთის მიზეზით სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე და სხვა პრობლემებზე, რაც თანდათანობით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისგან დაცლას იწვევს.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და ეუთო-ს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის პოლიტიკის ოფიცერი კამილ მარკეტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
