სახალხო დამცველი: საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები

სახალხო დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებს, მათ შორის, დღეს 11 ივნისს ზუკა ბერძენიშვილის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას განცხადებით ეხმაურება.
ომბუდსმენი წერს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები საგანგაშოა და მოუწოდებს სახელმწიფოს, თითოეულ ძალადობრივ ფაქტს მკაცრი პასუხი გასცეს.
“საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.
სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს – მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება”. – წერს სახალხო დამცველი.
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ქართული ოცნების ტიტუშკები თავს დღეს, 11 ივნისს დაესხნენ. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც აქტივისტები, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში და ტერორის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბერძენიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.