სახალხო დამცველი – საარჩევნო უფლება კონსტიტუციურია და ეს უფლება არ შეიძლება რომ შეიზღუდოს, შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა არჩევნებში ძველი პირადობის მოწმობებით მონაწილეობაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირადობის მოწმობის სიძველის გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ძველი პირადობები ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი. თუ მეკითხებით უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ამაზე პასუხი არის ჩვენს კონსტიტუციაში, რომ საარჩევნო უფლება კონსტიტუციურია და ეს უფლება არ შეიძლება რომ შეიზღუდოს. შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია.
მეორე საკითხია, რომ მე ამ ადამიანებს დღესაც მოვუწოდებ ძველი პირადობების გამოცვლისკენ, რომ აიღონ ახალი პირადობის მოწმობა და ამით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ისეთი პირადობით მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს ე.წ ჩიპი დატანილი. კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა გააკეთონ პირადობის მოწმობებს შორის არჩევანი. თუმცა ვინმესთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა პირადობის მოწმობის სიძველის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.