მოკლედ
· 2 სექტემბრის ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს.
· სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაკავებულთაგან რამდენიმეს სხეულზე ხილული დაზიანებები ჰქონდათ: შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
· დაკავებულების ნაწილი ახალციხეში, გორში, მცხეთაში, ბაკურიანსა და ხაშურში არიან გადაყვანილი – ნაწილი თბილისში, ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელიან სასამართლოს ჩანიშვნას.
· 2 სექტემბერს დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – სავარაუდოდ პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შესაძლოა წვრილმან ხულიგნობასაც.
სახალხო დამცველი 2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე.
“საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამავე ტექსტში ყურადღებაა გამახვილებული ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკში გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას – საუბარია ოცნების ყოფილი დეპუტატის და საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილზე, ანა ჩრდილელზე, რომელიც ერთ-ერთია დაკავებულებს შორის.
პროპაგანდისტული პლატფორმები მისი მარგინალიზაციის მიზნით დაკავების შემდეგ საუბრობდნენ ჯანმრთელობის პრობლემებზე და ცდილობდნენ ამით აეხსნათ მისი მონაწილეობა ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში.
“ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას” – წერს სახალხო დამცველი.




