სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდის დაღუპვის გამო და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, შაბათს მოხდა.
„ნეტგაზეთს“ შსს-ში უთხრეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ეს ის მუხლია, რომლითაც სტანდარტულად გამოძიება მიმდინარეობს ყოველთვის, როცა ცხედარია აღმოჩენილი, სანამ საქმეში სხვა გარემოებები არ გაჩნდება.
„ნეტგაზეთს“ მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა მომხმარებელმაც, რომელიც პარკის ტერიტორიაზე ვარჯიშისას წააწყდა ე.წ. დოქებს შორის სეგმენტში პოლიციის მიერ ლენტით გადაკეტილ ტერიტორიას. როგორც მომხმარებელი გვიზიარებს, მას მაშინვე უთხრეს დაცვის თანამშრომლებმა, რომ ბავშვი შენობაში შეძვრა და იქ დაიღუპა. „ამ დროს პატრულის ორი თანამშრომელი გამოჩნდა, დაადასტურა ეს ფაქტი და დაცვის ბიჭებს აუკრძალა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკი“, — ამბობს მომხმარებელი ნეტგაზეთთან.
