სახალხო დამცველი ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში ანკარაში შეხვედრებს განაგრძობს

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს და ომბუდსმენებს შეხვდა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, შერეფ მალკოჩმა სახალხო დამცველს თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის სტრუქტურა და საქმეების შესწავლის წესი გააცნო.
„თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან მუჰარემ კილიჩთან გამართულ შეხვედრაზე ინსტიტუტის მანდატზე, თურქეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის მუშაობის საკითხებზე, საგანმანათლებლო, კვლევითი და ცნობიერების ამაღლების აქტივობებზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მზად არის თურქ კოლეგებს, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, აპარატის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს.
ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება