საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინასა და პოლონეთს ეწვევა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს კიევში უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცს შეხვდება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
ვარშავაში სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის საკითხებს განიხილავენ.
