თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად მის საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოადგილე პერიოდულად, პირადად ეცნობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს ექიმების კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად მიხეილ სააკაშვილთან შედის და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. გარდა ამისა, პერიოდულად მასთან შედის ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და ეცნობა ვითარებას „ვივამედში“. ამავდროულად, ჩვენ რეგულარულად ვითხოვთ დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ასევე ვუგზავნით ექიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს ის სპეციალური ცოდნა, რომელსაც შეიძლება ჩვენი მოსაზრებები დავაყრდნოთ. ამასთან დაკავშირებით, თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.