ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატიმროს დატოვებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. იოსელიანი მიესალმება მამალაძისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
იოსელიანის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების ორგანოს მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად იუსტიციის მინისტრს 3 თვის წინ მიმართა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
“სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა.
“სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად.
საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას” – ამბობს იოსელიანი.
შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ის “უდოს” ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.
