სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დღეს, 17 იანვარს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იყოს “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში.
მანამდე, რამდენიმე საათის წინ, ომბუდსმენის აპარატმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე.
როგორც ლევან იოსელიანმა “იმედის” ეთერში აღნიშნა, როდესაც სასამართლოს საქმე აქვს ჟურნალისტთან, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მტკიცებულებების სტანდარტს, რომლითაც გადაწყვეტილებების მიიღებს.
“რამდენიმე საათის წინ მე მოვაწერე ხელი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც ჩვენ შევაფასეთ ის დოკუმენტი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რათა მან უკეთ შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მიიღეს პატიმრობის გადაწყვეტილება. პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმაა. პატიმრობამდე კანონი სხვა ბევრ ღონისძიებას ითვალისწინებს, მათ შორის გირაოს, თავდებობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, შეთავაზებული იყო საკმაოდ დიდი ოდენობის გირაო, მაგრამ სასამართლომ მაინც უარი თქვა. მე ნამდვილად არ ვაპირებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე საუბარს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის სტანდარტი, რომელიც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს. მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ სწორედ პატიმრობა გამოიყენონ და სხვა არცერთი ღონისძიება დამზღვევად არ მიიჩნიონ იმისთვის, რომ არ იყოს საფრთხე მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების.
როდესაც საქმე გვაქვს ჟურნალისტთან, ქალთან, რომელიც საკმაოდ ცნობილი ადამიანია საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მტკიცებულებების სტანდარტს, რომლებსაც გამოიყენებს”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
გარდა ამისა, მან ახსენა, თუ როდის მიიღეს ის კონკრეტული კანონი, რომლითაც ახლა მზია ამაღლობელია დაკავებული და ჩამოთვალა სხვა უფრო მძიმე დანაშაულები, რომლებიც პოლიციელზე თავდასხმის მუხლის მსგავსად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც იოსელიანმა განმარტა, კონტექსტიდან გამომდინარე, თუ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ლმობიერი იქნება, ეს მიმდინარე პროცესებს წაადგება.
“განსხვავებული პრაქტიკა არსებობს ჩემს მიმართვებზე. არის შემთხვევები, როდესაც ითვალისწინებენ ჩემს მოსაზრებას. არის შემთხვევები, როცა სასამართლო თავის აზრზე რჩება და ჩვენ ამ დროს განსხვავებულად ვიქცევით. ეს არ არის რიგითი საქმე, საკმაოდ გახმაურებულია, ეხება ჟურნალისტს და მეტი ყურადღება არის მისაქცევი. არ დაგვავიწყდეს თვითონ მუხლი, რის საფუძველზეც ქალბატონი მზია ამაღლობელი დაკავებულია. 353-ე პრიმა მუხლი საკმაოდ მძიმეა იმ ქმედებისთვის, რასაც მის დანაშაულად აცხადებენ. 4-დან 7 წლამდეა სასჯელი გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის, მაგრამ თავდასხმასაც გააჩნია. ეს სიტყვა ჟღერს თვითონ ძალიან მკაფიოდ, მაგრამ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს ერთი საკითხია. აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვამართლებ არც პოლიციელზე ხელის დარტყმას და არც რაიმე სახის ძალადობას, ეს დაუშვებელია, თუმცა ანალოგიური სასჯელი არის გათვალისწინებული ყაჩაღობისთვის, ასევე, სხვისის პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებისთვის, ადამიანის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის. მინიმალური სასჯელი 4 წელია. გავიხსენოთ ისიც, ეს ნორმა როდის შემოიღეს – ამ კანონის შემოღება დაემთხვა წინა ხელისუფლების დროს, 26 მაისის შემდგომ პერიოდს. ეს მთლიანი კონტექსტი, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია. ამაზე დაყრდნობით, ჩვენ სამართლებრივი დასაბუთება, რა თქმა უნდა, გავგზავნეთ. იმ მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის, პოლარიზაციის, დაპირისპირების ფონზე, რაც საზოგადოებაში არსებობს, ვფიქრობ, სასამართლოს მიდგომა რომ იყოს უფრო რბილი, ეს ამ პროცესებს უფრო წაადგებოდა”, – აცხადებს ომბუდსმენი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.