სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

„სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
დღეს სამთავრობო „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“.
ნანუკა ჟორჟორლიანმა და მარიამ გეგუჩაძემ ინფორმაცია უარყვეს. ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2-ს“ არასწორი ინფორმაციის შესწორება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩივილით დაემუქრა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას ავტომობილში „სავარაუდოდ, ხმოვანი აკუსტიკური იარაღი შენიშნეს“.
უწყებაში თქვეს, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.