სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მიერ სრული შემოწმების დროს – “პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა”.
მანამდე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ პოლიციელებმა მას დაზიანება მიაყენეს და ასევე, იზოლატორში სრულად გააშიშვლეს, რა დროსაც ის ორ პოლიციელს ჰყავდა დაჭერილი. პოლიტიკოსმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით, “პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება” და“განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ”.
მანამდე, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ელენე ხოშტარია კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა და რომ შესაბამისი პროცედურები “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423-ით რეგულირდება”.
ელენე ხოშტარიამ არ ისურვა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა. ეს ფაქტი 29 მარტს ორივე მხარემ დაადასტურა. სახალხო დამცველის ოფისი მაინც გეგმავს, რომ საქმე საკუთარი ინიციატივით შეისწავლოს და “შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს”.
ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას, 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მის მიმართ “შემზარავ მოპყრობას” გამოხმაურებები მოჰყვა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან.
29 მარტს, საღამოს, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან ყველასთვის მოულოდნელად გაათავისუფლეს.
ფორუმი
