სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს და დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა აქციის მონაწილეების დაკავება.
როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს.
„პირველივე წუთიდან ჩართული ვართ და ვიკვლევთ აქციის მონაწილეების დაკავების საკითხს, ხომ არ ჰქონდა დაკავების პროცესში მათ მიმართ რაიმე ტიპის უკანონო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლები პირველივე წუთიდან მუშაობენ.
რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ბუნებრივია, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
აქ იმიტომ მოვედი, რომ ეს ადამიანები ითხოვენ, მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს და ამავე დროს, შესაბამისი უწყების საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. ამ ყველაფერს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, პირველივე დღიდან აკეთებს ამ ყველაფრის მონიტორინგს. ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებული არის მათ პროტესტთან, მათ შორის მათი მოთხოვნების კანონიერებასთან, ჩვენ შესაბამისი შეფასებები გვექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.
„ჩვენ ყოველთვის ვართ გამოხატვის დაცვის სადარაჯოზე, მაგრამ ამავე დროს, ყველას მოვუწოდებთ, კანონი იქნას დაცული და კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით არ მოხდეს ამ მოთხოვნით სარგებლობა“,-განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

ასევე დაგაინტერესებთ