სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობა და ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატისა და UNICEF-ის ბოლო დროინდელი საქმიანობა განიხილეს.
„იასპერ მოლერმა სახალხო დამცველს საქართველოს შესახებ ორგანიზაციის პერიოდული ანგარიშის ძირითადი მიგნებები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტების მიმართულებები გააცნო.
მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბრისას მხარეებმა ბავშვის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმის დახვეწის საჭიროებას, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასა და ბარნაჰუსის მოდელის გეოგრაფიული გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამთა მიქელაძე – ერთეული რესპირატორი და უსაფრთხოების საშუალებები არ შეიძლება ჩაითვალოს აქციის მხარდამჭერ მობილიზებად – ე.წ. წიწაკის სპრეი შევიძინეთ თანამშრომელი ქალებისთვის, რომლებსაც ძალადობით და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ