საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა – ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ – ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
“გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას” – ნათქვამია სახალხო დამცველის პრესსამსახურის განცხადებაში.
23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.