სახალხო დამცველი აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველი აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 27 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს უმრავლესობის წევრი და „ათეას“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძეც მონაწილეობდნენ.
„სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში თვითმმართველობების მიმართულებით ასახული მიგნებები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო; ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე, ასევე, სოციალურ საცხოვრისებში არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა ადამიანების უფლებათა რეალიზაციის მიზნით ინფორმაციის გაცვლისა და სწორი ორიენტირების განსასაზღვრად მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ღონისძიება ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მასპინძლობით გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ ვიფიქროთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე – თუ რამეს შეუძლია ახლა ბიძგი გააჩინოს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ რამდენიმე პირობით

მამუკა ხაზარაძე – ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების – მინდა, მოგიწოდოთ, კითხვა „გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან, პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება!